ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი ავიაპარკის ზრდას განაგრძობს. როგორც AviaNews-ს Georgian Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა განუცხადა, აპრილის ბოლომდე ავიაკომპანიის პარკს Boeing 767 შეემატება.

„უკვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ Georgian Airlines-მა ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ უმსხვილეს სალიზინგო კომპანიასთან და წლის ბოლომდე Georgian Airlines-ის ავიაპარკს 2 ერთეული Boeing 767 შეემატება, საიდანაც ერთს აპრილის ბოლომდე მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი მეზვრიშვილმა.

როგორც ცნობილია Georgian Airlines-ის ავიაპარკი ამ დროისათვის 3 Boeing 737-800-ს აერთიანებს, საიდანაც ერთი ავიაკომპანიამ ორი თვის უკან დაიმატა.

გაზრდილი ავიაპარკის ფონზე Georgian Airlines-ი ფრენების რაოდენობის ზრდას და ჩარტერული რეისების პარალელურად რეგულარული ფრენების დაწყებასაც განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airlines-ი დღეისათვის აზიასა და ევროპას შორის სატვირთო რეისების შესრულებითაა დაკავებული, რომელსაც თბილისში ტრანზიტით ახორციელებს.