ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი საკუთარი ავიაფლოტის გაფართოებას კიდევ სამი სატვირთო თვითმფრინავით – Boeing B737-800 გეგმავს.

ავიაკომპანია ასევე ეძებს B767 თვითმფრინავს, აღნიშნულის შესახებ Georgian Airlines-ის  მმართველმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა გამოცემა ch-aviation-ს განუცხადა.

როგორც ცნობილია, Georgian Airlines-ი  (“საქარველოს ავიახაზები”) ამ დროისათვის ერთ საჰაერო ხომალდს (Boeing 737-86N) ფლობს, რომელზედაც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან 28 იანვარს აიღო, 4 თებერვალს კი  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მოწმობის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ Boeing 737-86N, სარეგისტრაციო ნომრით 4L-IGT, 2000 წელსაა გამოშვებული და მის ოპერირებას იტალიური ავიაკომპანია Alitalia ახდენდა.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airlines-ი საწყის ეტაპზე სატვირთო გადაზიდვებით იქნება დაკავებული, თუმცა სამომავლოდ, საქმიანობის გაფართოებასა და მოთხოვნის ზრდასთან ერთად სამგზავრო გადაზიდვების სეგმენტშიც გეგმავს შესვლას.