ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-ს რეგულარული რეისები უფრო მრავალფეროვანი გახდა. ავიაკომპანიამ დაამატა ახალი მიმართულებები და შესაბამისად გაზარდა სიხშირეები. ავიაკომპანიის მიერ მოცემული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ Geo Sky რეისებს შეასრულებს შემდეგ მიმართულებებზე: თბილისი-ფრანკფურტი-თბილის კვირაში 3 სიხშირე, თბილისი-ჩჟენჩჟოუ-თბილისი კვირაში 4 სიხშირე, თბილისი-გუანჯოუ-ალმაატა/ბიშკეკი-თბილისი კვირაში 3 სიხშირე, თბილისი-მაასტრიხტი-თბილისი კვირაში 2 სიხშირე, თბილისი -სარაგოსა-თბილისი კვირაში 1 სიხშირე და თბილისი-პარიზი-თბილისი კვირაში 1 სიხშირე
აღნიშნული განრიგული სქემით კი ირკვევა, რომ Geo Sky ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ჩინეთსა და ევროპას შორის, საქართველოს გავლით, კვირაში 7 სიხშირით ახდენს ოპერირებას.
როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, საჰაერო სატვირთო გადაზიდვებისთვის ყველაზე დატვირთული და აქტიური ზამთრის სანავიგაციო პერიოდია.
შეგახსენებთ, რომ Geo Sky პირველი ქართველი გადამზიდველია, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შორის რეგულარული სატვირთო ფრენების განხორციელება დაიწყო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული სატვირთო მიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა 2020 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.
Geo Sky-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წელს გასცა. 2018 წელს, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესი (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO). კარგო გადამზიდველის ფლოტი ამჟამად ორი Boeing B747 ტიპის საჰაერო ხომალდისაგან შედგება. Geo Sky ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.