საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) საჰაერო ტვირთების გლობალური ბაზრების შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საჰაერო ტვირთების ნაკადი 10.6%-ით შემცირდა.

როგორ ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-ში მიიჩნევენ, გლობალურ ბაზარზე საჰაერო ტვირთების ნაკადების შემცირება არ ნიშნავს, რომ სატვირთო გადაზიდვებზე 2020 წელს მოთხოვნა შემცირდა.

“საჰაერო ტვირთგადაზიდვები საკმაოდ დინამიურად განვითარებადი მიმართულება იყო, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე ავიაციაში ყველაფერი შეიცვალა.

2020 წლის მარტიდან ფაქტობრივად გაჩერდა სამგზავრო გადაყვანები, ამან კი თავისი ნეგატიური გავლენა საჰაერო ტვირთების გადაზიდვაზეც იქონია. მსოფლიოს მასშტაბით, საერთო ტვირთების 50-60%-ი სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით გადაიზიდებოდა. მათმა გაჩერებამ კი, ცხადია, სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა გაზარდა. იმ დროისათვის არსებული სატვირთო საჰაერო ხომალდები არსებულ მოთხოვნას “ვერ ეყო”.

ამას დაემატა სამედიცინო პროდუქციის გადაზიდვებზე მოთხოვნა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა გადაზიდვების ფასებიც. აპრილ-ივნისში ტვირთს გადაზიდვის ტარიფი მინიმუმ 200%-ით იყო გაზრდილი. მოთხოვნის ზრდის ფონზე ავიაკომპანიებმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სატვირთოდ გამოყენება დაიწყეს, რათა ტვირთებს მომსახურებოდნენ. გადაზიდვებზე არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა ისიც, რომ აღდგა ისეთი საჰაერო ხომალდები, რომელიც სხვადასხვა დროს გაჩერებული იყო ჩამოსაწერად. მათი ექსპლუატაციაში დაბრუნება არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოხდა.  

თუმცა, იმედი გვაქვს, რომ სამოქალაქო ავიაციის “აღდგენასთან” ერთად, საჰაერო ტვირთბრუნვაც გაიზრდება და მალე თავის ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ 2020 წელს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კლების პროცენტული მაჩვენებელი, სამგზავრო გადაყვანების კლებასთან შედარებით, მინიმალურია”, აცხადებენ Geo Sky-ში.