ქართული სატვირთო ავიაკომპანია GEO SKY-ს Boeing B747-200-ს ახალი დიზაინი აქვს. ავიაკომპანიამ საჰაერო ხომალდი გადაღება და საკუთარი სახელით დაბრენდა. შესაბამისად თვითმფრინავს CARGO-ს ნაცვლად უკვე ავიაკომპანიის სახელი – GEO SKY აწერია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა ხომალდმა სულ ახლახანს მწარმოებლის მიერ დადგენილი გეგმიური კალენდარული ტექნიკური შემოწმება, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში წარმატებით გაიარა. ჯაკარტაში Boeing B747-200-ის ტექნიკური დათვალიერების სერვისი კომპანია GMF Aero Azia-მ უზრუნველყო

GEO SKY პირველი ქართველი გადამზიდველია, რომელიც რეგულარულ სატვირთო ფრენებს ასრულებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული სატვირთო ფრენები დღემდე არც ერთ ქართულ ავიაკომპანიას არ განუხორციელებია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული სატვირთო მიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა 2020 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.

GEO SKY-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წელს გასცა. 2018 წელს, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესი (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO). კარგო გადამზიდველის ფლოტი ამჟამად ორი Boeing B747 ტიპის საჰაერო ხომალდისაგან შედგება. GEO SKY ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.