საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) განმარტებით, სოხუმის აეროპორტიდან საქართველოს ნებართვის გარეშე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორცილდება.საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ცალსახად არის გადმოცემული, რატომ ვერ განხორციელდება სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა საქართველოს საავიაციო ხელისუფლების ნებართვის გარეშე.
განცხადების თანახმად, სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.
სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.
ICAO – ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.
საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს.
საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს ამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სოხუმის აეროპორტი გამოყენებული იქნება როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო ავიარეისებისათვის.
“აეროპორტის რეკონსტრუქციის შემდეგ, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიამომისვლის აღდგენა იგეგმება, რომელიც 26 წლის წინ შეწყდა, ომის შემდეგ”, განაცხადა სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ფიფიამ.
მან ასევე დასძინა, რომ სოხუმის აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, რისთვისაც რუსული ინვესტიციების მოზიდვა მოხდა. რეკონსტრუქციის შემდეგ აეროპორტი დღე-ღამეში 3-დან 5 ათასამდე მგზავრის მიღებას შეძლებს.