ავიასპეციალისტების მოწმობების, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობების აღიარების და სხვა თანმდევი მომსახურებების მიღების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) მომართვიანობა და გაცემული დოკუმენტების რაოდენობა იზრდება.
2018 წელს ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის ფაქტი საშუალოდ 60%-ით გაიზარდა 2017 წელთან შედარებით. 2015 წელს მოწმობა 20, 2016 წელს – 48, 2017 წელს 89, ხოლო 2018 წელს 150 ადამიანზე გაიცა. სააგენტოს საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე წელს 193 მოწმობის გაცემაა მოსალოდნელი. საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობა გაიცემა მოყვარულ პილოტზე, კომერციულ პილოტზე, ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტზე, პლანერის პილოტზე, თავისუფალი აეროსტატის პილოტზე, აერნაოსანზე, ბორტინჟინერზე, ბორტრადისტსზე, ბორტგამყოლზე, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეზე, ავიადისპეტჩერზე და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტზე. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე მაღალი მოთხოვნა საფრენოსნო პერსონალის (ATPL/CPL) მოწმობის გაცემაზე ფიქსირდება, შემდეგ ბორტგამყოლის მოწმობა (Cabin Crew/Flight Attendant) მოდის, ხოლო საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის (ATCOL) და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის (AML) გაცემაზე მოთხოვნის სტატისტიკა 2017-2018 წლებში დაახლოებით ერთნაირია.
მკვეთრად არის გაზრდილი საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობებში საკვალიფიკაციო აღნიშვნებზე მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს მოწმობით მინიჭებული უფლებებს, განსაკუთრებული პირობებს და შეზღუდვებს. აღნიშნულ დინამიკას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს დროშის ქვეშ განსხვავებული ტიპის და მოდიფიკაციის საჰაერო ხომალდები რეგისტრირდებიან (Embraer, BELL, L-410 და ა.შ.) ასევე სპეციალისტები იუმჯობესებენ კვალიფიკაციას სხვადასხვა მიმართულებით.
2017-18 წლებში გაიზარდა სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობების აღიარების ფაქტები, რაც კვალიფიციურ საფრენოსნო-ტექნიკურ პერსონალზე მოთხოვნის არსებობას და ამავე დროს მათ დეფიციტურობაზე მიუთითებს. მიმდინარე წლის პროგნოზით, უცხო ქვეყნის მოწმობების აღიარების ფაქტები 266-დან 309 მდე გაიზრდება.
სერტიფიცირებულ საფრენოსნო-ტექნიკურ პერსონალზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაამარტივა სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტების სამხედროდან სამოქალაქო ავიაციაში კონვერტაციის პროცესი. თოთხმეტიდან ექვსამდე შემცირდა სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული გამოცდების რაოდენობა. ძალაში შევიდა დაჩქარებული მომსახურება კერძოდ, საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობების ზოგად (ერთ თვიან) ვადაში გაგრძელების მომსახურების საფასურს დაემატა მოწმობების ვადის დაჩქარებული წესით გაგრძელების მომსახურება რაც საშუალებას მისცემს მოწმობის ვადის გაგრძელების მსურველ პირს, დაჩქარებულ ვადაში, მე-3 დღეს მოითხოვოს მოწმობის ვადის გაგრძელება.