სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) საერთო დანიშნულების ავიაციაში ჩართული სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტები საჯარო განხილვაზე გამოიტანა.
საუბარია ბრძანების პროექტზე “საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის” დამტკიცების შესახებ.
წესის მიღების მიზანია ქვეყანაში საერთო დანიშნულების ავიაციის ფრენის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა, აღნიშნული სახის ექსპლუატაციაში ჩართული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენებისათვის შესაბამისი საექსპლუატაციო მოთხოვნების დადგენის გზით.
პროექტი ეფუძნება ევროკომისიის რეგულაციის „Commission Regulation (EU) No 965/2012 – Air Operations“ მე–7 დანართს (PART– NCO) და შესაბამისობაშია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ, აღნიშნული მიმართულებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და რეკომენდირებულ პრაქტიკასთან (SARPs).
წარმოდგენილი წესის პროექტი ძრავიანი არაკომპლექსური საჰაერო ხომალდების არაკომერციული ექსპლუატაციისათვის განსაზღვრავს ზოგად მოთხოვნებს, საექსპლუატაციო პროცედურებს, საჰაერო ხომალდის საფრენოსნო მახასიათებლების, საექსპლუატაციო შეზღუდვების, ასევე, თვითმფრინავის და შვეულმფრენის ხელსაწყოების, მონაცემების და აღჭურვილობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
წესის მოქმედება ვრცელდება ძრავიანი არაკომპლექსური სხ–ის გამოყენებით საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებულ არაკომერციულ ექსპლუატაციაზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო სხ–ის სახელმწიფო რეგისტრირებული ძრავიანი არაკომპლექსური თვითმფრინავისა და შვეულმფრენის მიერ სხვა სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში განხორციელებულ არაკომერციულ საფრენოსნო ექსპლუატაციაზე.
წესის მოქმედება არ ვრცელდება ძრავიანი კომპლექსური სხ–ის გამოყენებით განხორციელებულ არაკომერციულ ექსპლუატაციაზე.
წესის მიღება 2023 წლის ბოლოს იგეგმება.
ნორმატიული აქტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ GCAA-ს ვებ-გვერდზე: https://gcaa.ge/draft-regulations/
შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: uas-ga@gcaa.ge.