საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დელეგაციამ, დირექტორის გივი დავითაშვილის ხელმძღვანელობით ქალაქ შანხაიში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიწვევით განხორციელდა, შეხვედრები შედგა როგორც საავიაციო უწყებებს შორის, ისე ავიაკომპანიების და საჰაერო ხომალდების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან.

გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეთა შორის გაფორმდა უწყებათაშორისი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სფეროებს შორის თანამშრომლობა ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით გაძლიერდება.

ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდის დადებითი დინამიკა და შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშორმლებენ სატვირთო ავიამიმოსვლის შემდგომი ხელშეწყობის მიმართულებით.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს დელეგაცია ესტუმრა საჰაერო ხომალდების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „COMAC“-ის შანხაიში მდებარე ავიასაწარმოს, სადაც სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ კომპანიის გეგმებს საერთაშორისო ბაზრების ათვისების კუთხით, ასევე საჰაერო ხომალდების კომპონენტების შექმნისა და დაკომპლექტებისთვის არსებულ საწარმოო ხაზებს.