საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლებმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის (EaP) ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სააერნაოსნო მომსახურების ეფექტურობის და ტარიფიკაციის სქემის ევროპული რეგულაციით გათვალისწინებულ საკითხები, ასევე, მონაწილეები გაეცნენ სააერნაოსნო მომსახურების ეფექტურობის უზრუნველყოფის სქემის სრულყოფილ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრაქტიკულ ასპექტებს.
ევროკომისიის 2019/317 რეგულაცია, რომლის დანერგვასაც სააგენტო ევროკავშირთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გეგმავს, განსაზღვრავს სააერნაოსნო მომსახურებისა და ერთიანი ევროპული ცის კონცეფციის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.
სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგის შესაბამისად, მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც ეროვნული საზედამხედველო ორგანოების მიერ შესაბამისი რეგულაციის დანერგვის, აღსრულებისა და ზედამხედველობის საკითხებზე, ისე სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების ვალდებულებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნულ დონეზე ეფექტურობის საკვანძო ინდიკატორების (KPI) მიზნების განსაზღვრის და ინდიკატორების მონიტორინგის განხორციელებისთვის აუცილებელ სამუშაოებს, ასევე ეფექტურობის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და შეფასების ფაზებს, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში უნდა იყოს ევროკავშირის მასშტაბით დადგენილ ეფექტურობის მიზნებთან.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სააერნაოსნო მომსახურების ეფექტურობის და ტარიფიკაციის სქემის ევროპული მოთხოვნების დანერგვას 2025 წელს გეგმავს. წესის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფრენების უსაფრთხოების და სააერნაოსნო მომსახურების სერვისების გრძელვადიან გაუმჯობესებას, ევროპის რეგიონის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების სათანადოდ გათვალისწინების, ხარჯ ეფექტურობისა და საჰაერო სივრცის ათვისების ასევე, საჰაერო სივრცის მომხმარებლებისთვის გადასახადების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დადგენის გზით.