სიახლე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ვებ-გვერდზე.
გარემოზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის საკითხის რეგულირების და შესაბამისი წესის ამოქმედების პარალელურად, სააგენტოს ვებ-გვერდს დაემატა ახალი განყოფილება: https://gcaa.ge/corsia/, სადაც საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების საყურადღებოდ და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფორმაცია ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის და სააგენტოს მიერ მიღებული წესით გათვალისწინებული ვალდებულებების ირგვლივ.
ახალ განყოფილებაში, აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად, ხელმისაწვდომია დამხმარე მასალები, მათ შორის სააგენტოს მიერ მომზადებული ვებინარების სერია, რომელიც მოიცავს CORSIA-ს სქემის დეტალურ თეორიულ და პრაქტიკულ მიმოხილვას.
„საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი“ 2024 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სტანდარტი ნოვაციაა სამოქალაქო ავიაციის სფეროში და მისი ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვით, სააგენტომ პირველად მოახდინა გარემოზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის საკითხის რეგულირება. წესი შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის მე-16 დანართით გათვალისწინებული სტანდარტის (CORSIA) შესაბამისად და მისი მიზანია საერთაშორისო ფრენებზე, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება და კომპენსაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ატმოსფეროზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირებას.
წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე (ავიაკომპანიებზე), რომლებიც ახორციელებენ 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის (თვითმფრინავის) ექსპლუატაციას და რომელთა მიერ ამავე საჰაერო ხომალდების ფრენის შედეგად საერთაშორისო ფრენებზე წლიურად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი აღემატება 10 000 ტონას. წესის მოქმედების ფარგლებში, სააგენტო ზედამხედველობას უწევს ავიაგადამზიდველების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში გამოყოფილი CO2-ის მონიტორინგს, შეითანხმებს ამგვარი მონიტორინგის მეთოდიკას და განახორციელებს თითოეული ავიაგადამზიდველისთვის CO2-ის საკომპენსაციო ოდენობის დაანგარიშებას.
https://gcaa.ge/corsia/