სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების/SAFA-ს ინსპექტორების უფლებამოსილებები იზრდება. როგორც „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებიდან ირკვევა, ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების გარდა, ინსპექტორს უფლებამოსილება ენიჭება, რომ ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შეამოწმოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი.

როგორც GCAA-ში განმარტავენ, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები უზრუნველყოფენ სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას შესაბამისი დოკუმენტების, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით. საინსპექციო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორები უფლებამოსილნი არიან ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდნენ ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვონ საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმონ ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები და ტექნიკური მოწყობილობები.

„საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილება, ითვალისწინებს ეკიპაჟის წევრების ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმების დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას სააგენტოს იმ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ უშუალოდ საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას და როგორც საჰაერო ხომალდის, ისე მისი ეკიპაჟის წევრების ინსპექტირებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის, ისე მომსახურე ეკიპაჟის წევრები ექვემდებარებიან სავალდებულო სამედიცინო სერტიფიცირებას, რაც ითვალისწინებს აუცილებელ გამოკვლევებს, სამედიცინო შემოწმებას და ვარგისობის შეფასებას. პროცესზე ზედამხედველობას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს. საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე, საჰაერო ხომალდის ბაქანზე ეკიპაჟის წევრების ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმებას უზრუნველყოფს მხოლოდ ავიაგადამზიდველი. საავიაციო უწყების მიერ აღნიშნული შემოწმების ჩატარება ახლად დანერგილი პრაქტიკაა ევროკავშირში. საქართველოს მიერ, შემოწმების აღნიშნული მექანიზმის დანერგვის მიზანია ფრენის უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესება და ალკოჰოლის მიღების შედეგად გამოწვეული მენტალური ან ქცევითი მოშლილობის დამატებითი პრევენცია, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ეკიპაჟის წევრების მიერ საჰაერო ხომალდის მართვისა და მომსახურების ფარგლებში განსაზღვრული მოვალეობების ჯეროვან შესრულებას“, – აცხადებენ GCAA-ში.

უწყების ცნობითვე, ცვლილების დანერგვა, ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის საავიაციო სტანდარტებთან დაახლოებას, რასაც სააგენტო ეტაპობრივად უზრუნველყოფს ევროკავშირთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების ფარგლებში. „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმებას ალკოჰოლურ ნივთიერებაზე უშუალოდ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მიერ, რაც ამ ეტაპამდე ხორციელდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიის მიერ, სადაც დასაქმებულია შესაბამისი ეკიპაჟის წევრი. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი თავს არიდებს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას ან ადგილზე შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი (0,2 ან მეტი პრომილე), ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ეკიპაჟის წევრს ჩამოაშორებს საჰაერო ხომალდის მართვას/მომსახურებას. იმავდროულად, ეკიპაჟის წევრი უფლებამოსილია, სააგენტოს ინსპექტორის მიერ განხორციელებული ალკოჰოლური შემოწმების შედეგები გაასაჩივროს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში.