საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით და ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროექტის (EASA EaPCA) მხარდაჭერით, თბილისში, სასტუმრო „ბილთმორში“ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. ტრეინინგს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საავიაციო ხელისუფლებების, ასევე „საქაერონავიგაციის“ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორდღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა სააგენტოს მიერ, ევროკომისიის N2017/373 რეგულაციის შესაბამისად მიღებული “სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი”, მისი დანერგვისა და აღსრულების ტექნიკური და პროცედურული ასპექტები განიხილეს. მოდული მოიცავდა პრაქტიკულ დავალებებს როგორც საავიაციო ხელისუფლებებისთვის ისე სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთვის.
“სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი”, რომელიც სააგენტომ ევროკომისიის N2017/373 რეგულაციის შესაბამისად მიიღო, 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება და საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური ან/და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებას ითვალისწინებს.
წესის ძალაში შესვლის შემდგომ, სააგენტო სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირებას ევროპული მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელებს, რაც გააუმჯობესებს სააერნაოსნო მომსახურებების ხარისხს ქვეყანაში და ხელს შეუწყობს ფრენების უსაფრთხოების შემდგომ ამაღლებას.
ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე, სააგენტო მართავს შეხვედრებს და კონსულტაციებს სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლებთან, სადაც საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სრული ინფორმაცია სერტიფიცირების ახალ პროცესთან და მათ ვალდებულებებთან დაკავშირებით.