სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი (GCAA) ლევან კარანაძე “საქაერონავიგაციაში” ინაცვლებს.

როგორც AviaNews-თვის გახდა ცნობილი, ლევან კარანაძემ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს  ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა, საიდანაც სამომავლოდ მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა იგეგმება.

საჯარო რეესტრის მონაცემებში 29 სექტემბერს შესული ცვლილების მიხედვით ლევან კარანაძე უკვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ფიქსირდება. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ასევე
ლელა ჩიქოვანი, გიორგი ბუთხუზი, მიხეილ დუნდუა. შპს საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დღეისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილია.

აღსანიშნავია, რომ კარანაძეს აღნიშნულ უწყებაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ლევან კარანაძეს მაღალი თანამდებობები უკავია ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2019 წლის ნოემბრიდან ის EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია (11.2021-დან არჩეულია მეორე ვადით). ასევე 2019 წლის სექტემბრიდან არის ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი.

2019 წლის მარტიდან კი არის ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის (EURNAT-DGCA) თავმჯდომარის მოადგილე. იმავდროულად 2019 წლის დეკემბრიდან არის ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის (EASPG) თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2021 წლის ნოემბრიდან, ამავე ჯგუფის თავმჯდომარე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელად ლევან კარანაძე 2018 წლის დეკემბრიდან დაინიშნა. 2018 წლის დეკემბრამდე კი მას სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. 2013 წლიდან იყო დირექტორის მოადგილე იყო. 2016-18 წლებში იყო EUROCONTROL-ის მეკავშირე ოფიცერი საქართველოდან. 2011-2013 წლებში კარანაძე სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. პარალელურად იყო საავიაციო ინგლისური ენის დონის გამომცდელი თბილისის საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრში (TIATC).

სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე, ლევან კარანაძე მუშაობდა ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2008-2011 წლებში, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურედ შპს “საქაერონავიგაციაში“.