ნორმატიული აქტის პროექტის გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) განსახილველად წარმოადგენს ნორმატიული აქტის შემდეგ პროექტს:
?„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესი“
წარმოდგენილი პროექტით ხდება აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირების არსებული მოთხოვნების, კრიტერიუმების და პროცესების დახვეწა, ასევე ნორმატიული აქტი ითვალისწინებს საფრენი მოედნების რეგისტრაციას და აღრიცხვას. დოკუმენტი შემუშავებულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 და მე-17 დანართების, ევროკომისიის 2009 წლის 18 დეკემბრის №1254/2009 რეგულაციის, ასევე ICAO-ს ოფიციალური გამოცემების, Doc-9774 “აეროდრომის სერტიფიცირების სახელმძღვანელოს“ და Doc-8973 „საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების გათვალისწინებით.
ნორმატიული აქტის პროექტის თანახმად, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი (აეროდრომები) და მე-2 (ვერტოდრომების) ტომების მიხედვით, განისაზღვრა ეროვნული ნორმები საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის N87 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობები“-ს მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.
წესის პროექტში ჩნდება საფრენი მოედნის ცნება, რაც გულისხმობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საფრენი მოედნების მოწყობის სამართლებრივი საფუძველის გაჩენას, მათი აღრიცხვისა და მოწესრიგებული ქსელის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით მცირე ავიაციისა და შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განვითარებას.
ასევე, დაიხვეწა აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ტექნიკური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათი მომზადება-გადამზადების კრიტერიუმები, ინსტრუქტორ-მასწავლებლების და შემფასებლების მიმართ წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
დამტკიცების შემდეგ, წესი ჩაანაცვლებს სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის N267 ბრძანებით დამტკიცებულ „აეროდრომის სერტიფიცირების წესს“. ბრძანების ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება.
➡ წესის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე: http://www.gcaa.ge/geo/publicconsultations.php
➡ შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ელ. მისამართზე: aga@gcaa.ge