სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ინიცირებული საავიაციო მოვლენათა შეტყობინების ახალი წესის პროექტის გარე განხილვის ფარგლებში, მოქმედი ავიასაწარმოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესით“ გათვალისწინებულ ახალ მოთხოვნებს და ვალდებულებებს. განხილული იქნა ყველა ის ძირითადი ცვლილება, რაც გათვალისწინებულია ნორმატიული აქტის პროექტით და გავრცელდება ავიასაწარმოებზე წესის მიღების შემდგომ.
სამუშაო შეხვედრაზე, სააგენტომ წარმოადგინა საავიაციო მოვლენათა შეტყობინების 2023 წლის ანგარიში. ავიასაწარმოების წარმომადგენლებისთვის გაზიარებულ იქნა გასულ წელს დაფიქსირებული საავიაციო მოვლენების დეიდენტიფიცირებული სტატისტიკური მონაცემები და მათი ანალიზის შედეგები. სააგენტოს მხრიდან, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში, ავიასაწარმოებში საავიაციო მოვლენათა შეტყობინების კულტურა გაზრდილია, თუმცა საავიაციო უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესების და საავიაციო შემთხვევების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია მეტი ძალისხმევა იყოს მიმართული საავიაციო მოვლენათა შეტყობინების მექანიზმის სისტემურ დანერგვაზე ყველა საავიაციო მიმართულებით, ასევე, შიდა მოკვლევების განხორციელებაზე და ავიასაწარმოებში არადამსჯელობითი გარემოს დამკვიდრებაზე, რომელიც მიმართული იქნება არა პერსონალის ბრალეულობის გამოვლენაზე, არამედ საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე.
საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების ახალი წესის მიღება 2024 წლის 1 მარტიდან, ხოლო ამოქმედება 1 ოქტომბრიდან იგეგმება. წესის პროექტი, შემუშავებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EU N376/2014) მოთხოვნების მიხედვით და ადგენს იმ საავიაციო მოვლენების შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეეძლო საფრთხე შეექმნა საჰაერო ხომალდისთვის, მასზე მყოფი ან სხვა ნებისმიერი პირისათვის, ასევე მოწყობილობებისა და დანადგარებისათვის, რომლებიც გავლენას ახდენენ საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენაზე.
ახალი წესი ადგენს საავიაციო მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, გაანალიზების, შენახვის, გამოყენების და მომდევნო ქმედებების განხორციელების უფრო სრულყოფილ და დეტალურ მოთხოვნებს, ასევე, წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრულია საავიაციო სპეციალისტების დაცვის და ავიასაწარმოებში არადამსჯელობითი კულტურის ფორმირებისათვის აუცილებელი მოთხოვნები. წესი ითვალისწინებს საავიაციო მოვლენის მოკვლევის, საავიაციო მოვლენების მოკვლევის პროცედურის დანერგვის და სააგენტოს მოთხოვნისას, საავიაციო მოვლენის მოკვლევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას. ამასთან, წესი ითვალისწინებს საავიაციო მოვლენის მომკვლევის კომპეტენციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დანერგა საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემა. შესაბამისი წესი 2014 წელს იქნა მიღებული. რეგულაციის დანერგვის ფარგლებში, გატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რათა მოვლენათა შეტყობინების პროცესი გამხდარიყო ქმედითი მექანიზმი საავიაციო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების, ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების და საავიაციო შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით
მთავარი რეგულაციები GCAA-მ საავიაციო მოვლენათა შეტყობინების ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით ავიასაწრმოებთან სამუშაო შეხვედრა გამართა