საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და შპს „საქაერონავიგაციამ“ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა ფუნქციურ ეფექტურობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის თაობაზე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლეს. ღონისძიება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციასთან (EUROCONTROL) არსებული პროექტის მხარდაჭერით შედგა და მას სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრას ევროკონტროლის ადამიანური ფაქტორებისა და უსაფრთხოების ექსპერტი ფაბრის დროგული უძღვებოდა.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა ფუნქციურ ეფექტურობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის (FRMS) ეფექტიანი დანერგვის ეტაპები და ფაზები, ასევე, ფრენების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის, შენარჩუნების და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით აღნიშნული რისკების უწყვეტი კონტროლის სისტემები, რომელიც ეფუძნება მეცნიერულ პრინციპებს, ცოდნას და საექსპლუატაციო გამოცდილებას. EUROCONTROL-ის ექსპერტმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო FRMS-ის დანერგვის მეცნიერული და პრაქტიკული ასპექტები, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ცვლიანობის სისტემებთან და მათ კონტროლთან დაკავშირებული ევროკავშირის მოწინავე სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკა. საუბარი ასევე შეეხო იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რაც მარეგულირებელი ორგანოების და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების წინაშე დგას გაზრდილი საჰაერო მიმოსვლის ფონზე მეთვალყურეთა ფუნქციურ ეფექტურობასთან დაკავშირებული რისკების მართვის პროცესში.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესი 2023 წელს მიიღო. 2024 წლის პირველი დეკემბრიდან ძალაში შევიდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც შპს „საქაერონავიგაციამ“ FRMS-ის შემუშავება და დანერგვა ამავე წელს დაიწყო.
ევროკონტროლთან თანამშრომლობით ჩატარებული სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და სისტემის ეფექტიანი დანერგვისთვის, რაც პირდაპირ უკავშირდება საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოების გაუმჯობესებას საქართველოში.