სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ავიასაწარმოებისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

გაფრენის/მოფრენის ტერმინალში (დარბაზში):

  • გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებში (დარბაზებში) მომსახურე პერსონალი დაიშვება მხოლოდ დამცავი ნიღბით. ავიასაწარმოებმა უნდა უზრუნველყონ მომსახურე პერსონალის აღჭურვა ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღბები 4 საათიანი ინტერვალით, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი);
  • უზრუნველყავით ნაკადების კონტროლი და უსაფრთხო დისტანციის მარკირება, აგრეთვე, სკამების ნაწილის ანულირება უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით;
  • ვირუსზე საეჭვო ან სავარაუდო პირთა იზოლირებისთვის, უზრუნველყავით სპეციალური ოთახების გამოყოფა;
  • პერიოდულად უზრუნველყავით მგზავრთა მომსახურების არეების და  ხშირად გამოყენებული ზედაპირების (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ) დასუფთავება/დეზინფექცია; 
  • რეგურალურად უზრუნველყავით პრევენციული ღონისძიებების შესახებ მგზავრთა ინფორმირება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
  • მგზავრთა პასპორტისა და ბარგის  შესამოწმებელი ადგილები აღჭურვეთ კოლექტიური დაცვის საშუალებებით, დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
  • მგზავრების მომსახურების არეებში უზრუნველყავით სადეზინფექციო საშუალებების  განთავსება;
  • უზრუნველყავით დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. იმ შემთხევაში, თუ ვერ ხერხდება ბუნებრივი ვენტილაცია, გამოიყენეთ ხელოვნული ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი (ფილტრების დაბინძურების მონიტორინგის ჩათვლით) მის გამართულ მუშაობაზე;
  • განსაზღვრეთ  გამცილებლების/ დამხვედრების თავშეყრის ადგილები და ზონები შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით (პარკინგი, ტერმინალის გარე ტერიტორია).

საჰაერო ხომალდზე:

  • საჰაერო ხომალდზე ეკიპაჟის წევრები დაიშვებიან ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). შეცვალეთ უნიფორმა ყოველდღიურად. იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად გამოიყენეთ ერთჯერადი დამცავი ხალათები;
  • უზრუნველყავით მგზავრების იმგვარი განლაგება, რომ  შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო  დისტანცია(ოჯახის წევრების გარდა);
  • განათავსეთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები (რამდენიმე ენაზე) საჰაერო ხომალდის სალონში  და / ან ვიდეო ინფო მასალაში;
  • ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარეთ სწავლება პანდემიის დროს საჰაერო ხომალდის სალონში მგზავრების მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენებისა და სწორად  განკარგვის შესახებ; 
  • მინიმუმამდე შეამცირეთ მგზავრებთან კონტაქტი;
  • მაქსიმალურად შეამცირეთ ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის  გამოყენების შესაძლებლობა;
  • საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის  მიწოდების რეჟიმში;
  • 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ  მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ  წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების მიწოდების სერვისი;
  • მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა;
  • უზრუნველყავით მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება;
  • სოციალური დისტანციის შენარჩუნების მიზნით, უზრუნველყავით მგზავრთა გადაადგილების მართვა თვითმფრინავში ჩასხდომის / თვითმფრინავიდან გადმოსვლის დროს;  
  • უზრუნველყავით, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო 60-70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება;
  • იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აფრენის შემდეგ აღმოაჩნდება COVID-19–ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით აეროპორტის ან ეროვნული ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს და იმოქმედეთ მითითებების შესაბამისად. უზრუნველყავით მგზავრის იზოლირება და მისი მეთვალყურეობა/დახმარება პროტოკოლის შესაბამისად;
  • ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდება ტესტირება და გადავა თვითიზოლაციაში/კარანტინში;
  • ყოველი რეისის შემდეგ  მოახდინეთ საჰაერო ხომალდის სველი  წესით დასუფთავება/დეზინფიცირება. 

რეკომენდაციები შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან თანამშრომლობით. სხვა სახელმწიფოებთან ჰარმონიზირებული და ერთგვაროვანი მოთხოვნების დადგენის მიზნით გათვალისწინებულ იქნა ევროპოს საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეკომენდაციები და სახელმძღვანელო მასალები. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციები გაიმართა ასევე ავიასაწარმოებთან.

რეკომენდაციები შესაძლოა შეიცვალოს/განახლდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისათვის დადგენილი რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3dFui5I

ამავე თემაზე:

ინფორმაცია მგზავრთა საყურადღებოდ

გაფრენის ტერმინალში/დარბაზში:

  • ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, შშმ პირების / ბავშვების გამცილებლები, მომსახურე პერსონალი ან უზრუნველყოფილი იქნება ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;
  • მგზავრები და მომსახურე პერსონალი დაიშვებიან  მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ასაკის ბავშვები);
  • შენობაში შესვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. ცხელების ან/და ვირუსზე საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, მგზავრი არ დაიშვება ტერმინალში / დარბაზში და შესაბამისად, რეისზე;
  • დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება სავალდებულო დისტანციის მარკირება;
  • დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება  დასუფთავება/დეზინფექცია;
  • დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრთა პასპორტისა და ბარგის  შესამოწმებელი ადგილები აღჭურვილი იქნება დამცავი გამჭვირვალე ბარიერებით;
  • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცები და სხვა ჰიგიენური ნარჩენები მოათავსეთ დახურულ კონტეინერებში;
  • დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
  • გამცილებლებისთვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე.

საჰაერო ხომალდზე:

  • საჰაერო ხომალდზე მგზავრები დაიშვებიან დამცავი ნიღბებით. 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ფრენისას უნდა გქონდეთ სათადარიგო ნიღბები;
  • მგზავრთა განლაგება უზრუნველყოფილი იქნება იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;
  • თვითმფრინავში შესვლისას, გთხოვთ დროულად დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი და ყურადღებით გაეცნოთ ეკიპაჟის წევრების მითითებებს;
  • იკრძალება 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას  მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება  წინასწარ შეფუთული/დალუქული საკვები და სასმელი პროდუქტები;
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ პერსონალს, თუ აფრენის შემდეგ თავს იგრძნობთ შეუძლოდ, აღმოგაჩნდებათ  COVID 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში, ეკიპაჟის მიერ განთავსდებით იზოლირებულად და გაგეწევათ შესაბამისი მეთვალყურეობა;
  • ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალს და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდება ტესტირება და გადავა თვითიზოლაციაში/კარანტინში;
  • ხომალდიდან გადმოსვლის დროს, დაიცავით გადამყვანი ავიაკომპანიის მითითებები სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილების შესახებ;
  • კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველი რეისის შემდეგ  საჰაერო ხომალდი დასუფთავდება სველი  წესით და ჩაუტარდება დეზინფექცია.

მოფრენის ტერმინალში/დარბაზში:

  • ხომალდიდან გადმოსვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება სიცხე, მისი მომსახურება/ გადაყვანა        განახორციელდება არსებული პროტოკოლის დაცვით;
  • მოფრენის ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;
  • მგზავრების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი);
  • ეკიპაჟის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის და ბავშვიანი მგზავრებისთვის უზრუნველყოფილი იქნება  ცალკე დერეფანი;
  • დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია, განსაკუთრებით, თერმული სკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების პროცესში. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;
  • დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება  დასუფთავება/დეზინფექცია;
  • დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
  • დამხვედრთათვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე.