ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოს მიმართულებით მხოლოდ Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ოპერირებს, ამის შესახებ აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) განცხადებაში. როგორც უწყებაში განმარტავენ სააგენტო მგზავრთა, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს.
„სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია „Belavia”-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.
სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია „Belavia”-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნულია GCAA-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ გააფართოვა სანქციები ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნების გაყალბებას უკავშირდება. სანქციები შეეხო ბელარუსულ სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის ქვეყნის ეროვნულ ავიახაზებს – Belavia-ს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ავიახაზები სანქცირებულ პირთა სიას შეემატება.