თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება გრძელდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, 2023 წელს აეროპორტის გაფრენის ტერმინალის სასაზღვრო ზონა გაფართოვდა, ხოლო 2024 წელს მოფრენის ტერმინალის სასაზღვრო ზონა გაფართოვდება.
„2023 წელს ჩვენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალის გაფართოება დავიწყეთ, ეს იყო აუცილებელი. როდესაც აეროპორტი 24 საათის განმავლობაში ღიაა და ემსახურება მგზავრებს, ცოტა რთულია სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ეს დისკომფორტს უქმნის მგზავრს, მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებთ, ის რიგები, რომელმაც თავი იჩინა ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში, უფრო და უფრო საგრძნობი გახდება. წელს გაფრენის ტერმინალში დავიწყეთ სასაზღვრო ზონის გაფართოება. გამოიცვალა სასაზღვრო ჯიხურები, გაიზარდა ჯიხურების რაოდენობა, და გაიზარდა სასაზღვრო ჯიხურებსა და საავიაციო უშიშროების შემოწმების წერტილებს შორის მანძილი. ეს, რა თქმა უნდა, აგვარიდებს თავიდან რიგებს და ქაოსს აეროპორტში. მეორე ეტაპის სამუშაოები არის ის, რომ ივსება ესკალატორებთან არსებული ხვრელები, რითაც რეალურად აეროპორტის სასაზღვრო არეალი ფართოვდება. მნიშვნელოვანია, რომ მგზავრი გადიოდეს სწრაფად და არ უნდა იყოს შეფერხება. მეორე პროექტი, რის განხორციელებასაც ვაპირებთ, ეს არის მოფრენის ტერმინალში ისევ სასაზღვრო არეალის გაფართოება, რასაც 2024 წლის თებერვალ-მარტში დავიწყებთ“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ 2023 წელს კომპანიის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტებიდან ასევე მნიშვნელოვანია სამიმოსვლო ბილიკი „ეკოს“ რემონტი.
„წელს ასევე თავიდან ბოლომდე რემონტდება და მთლიანად შეიცვალა საფარი სამიმოსვლო ბილიკ E-ზე. ამ პროექტს ჩვენ საქაერონავიგაციასთან ერთად ვახორციელებთ. ეს იყო აუცილებლად განსახორციელებელი პროექტი იმიტომ, რომ ეს სამიმოსვლო ბილიკი არის ყველაზე დატვირთული. რადგანაც ნოემბერ-დეკემბერში ტრაფიკი იკლებს, ეს პერიოდი ავირჩიეთ სამუშაოების დასაწყებად. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. მთლიანად შეიცვალა ხელოვნური საფარი. ახლა სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს და დეკემბრის ბოლოს სრულად განახლებულ საფარს მივიღებთ. წელს ამ პროექტში დაახლოებით 4 მლნ ლარამდე იხარჯება. მომავალ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება იმ ნაწილს, სადაც სამიმოსვლო ბილიკი „ეკო“ გარკვეული ასაფრენ/დასაფრენ ზოლს უერთდება. ამ შემთხვევაშიც, შევარჩევთ ისეთ დროს, რომ ავიაკომპანიებს არ ჰქონდეთ შეფერხებები. ავიაკომპანიისთვის ძალიან რთულია, როდესაც რაღაც მონაკვეთს კეტავ აეროპორტში. ასევე, სიახლე გაქვს ის, რომ გაფრენის დარბაზში პირველად დავამონტაჟეთ თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks), რაც მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გაიარონ რეგისტრაცია“, – ამბობს თეა ზაქარაძე.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქ სამუშაოები TAV Georgia-მ ჯერ კიდევ კოვიდ-პანდემიის პერიოდში განახორციელა.
„2023 წლის განმავლობაში ჩვენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თითქმის 615 ათას მგზავრს მოვემსახურეთ, ხოლო 2019 წელს გვყავდა 624 ათასი მგზავრი. უკვე ციფრებიც გვეუბნება, რომ ბათუმში ახლოს ვართ, მაგრამ ვერ გადავცილდით 2019 წლის მაჩვენებლებს. არაერთი მოვლენა ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენი რეგიონის ირგვლივ, მსოფლიოში – შესაბამისად ამ ყველაფერმა იქონია გავლენა. ისრაელის კონფლიქტის შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელიდან პირდაპირი რეისები შემცირდა. აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა მოფრენის ახალი ტერმინალი. იმიტომ, რომ გამართული ინფრასტრუქტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი მგზავრებისთვის. წელს ამ მოვლენების გამო, მართალია, ტრაფიკი შემცირდა, მაგრამ მოლოდინი გაქვს, რომ 2024 წელს ეს ყველაფერი აღდგება. დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურა არის გამართული, დავნერგეთ ახალი სერვისები. ასე, რომ ველოდებით ახალ ავიაკომპანიებს, ახალ მიმართულებებს“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.