ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. დასრულებული პროექტი დღეს პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ ბათუმის აეროპორტის გაფართოების პროექტის საერთო საინვესტიციო თანხა 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
შედეგად კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა. ამიერიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის, ისე – გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2 -დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეერული სისტემა და დამონტაჟდება დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები მოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი 6-დან 8-მდე გაიზრდა. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის 2 გასასვლელი, ჯამში მგზავრები ავტობუსის 6 გასასვლელით ისარგებლებენ. ასევე გაფართოვდა „დუტი ფრის“ ზონა, „ბიზნეს ლაუნჯი“ და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.
აეროპორტის გაფართოების გადაწყვეტილება მენეჯმენტმა პანდემიამდე მიიღო და ფრენების შეჩერებისა და არსებული კრიზისის ფონზე კი სამუშაოები არ შეუჩერებია.
“ჩვენ ვართ მოტივირებულნი, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამოყვანა ამ კრიზისიდან. ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლების წინაშე დღეს ორი უმთავრესი ამოცანა დგას, ესენია – პანდემიის დამარცხება და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, რაც შეიძლება მოკლე დროში. ასევე, კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი და პანდემიამ ეს სექტორი მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთანაც ძალიან დააზარალა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ზიანის შესამცირებლად და პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის უკეთ მოსამზადებლად. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა ქვეყანაში. ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. პანდემიასთან ეფექტურმა ბრძოლამ საშუალება მოგვცა უფრო ადრე გაგვეხსნა ქვეყანა საერთაშორისო მგზავრებისთვის და კიდევ ერთხელ სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელოვანი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.