ავიაკომპანია Wizz Air-ის ბორტზე, რომელიც ქუთაისი-ბარსელონას რეისს ასრულებდა და ხომალდში ბომბის არსებობის შესახე ინფორმაცია გაჟღერდა, საჰაერო ხომალდი უკან მოაბრუნეს, თუმცა მასში ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„ავიაკომპანია „Wizz Air”-ის 14 თებერვლის, ქუთაისი – ბარსელონას რეისზე (W66417) ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამისა“ და „კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, ინფორმაცია მიეწოდათ შესაბამის უწყებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გატარდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს გათვალისწინებული ყველა საპასუხო მოქმედება.

განხორციელდა ყველა შესაბამისი ქმედება საჰაერო ხომალდის, მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, გარშემო მყოფი პირებისა თუ ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დატოვებამდე დასრულებული განაღმვითი სამუშაოების ფარგლებში, ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ იქნა აღმოჩენილი. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ინფორმაცია მიეწოდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO).

დამატებით განვმარტავთ, რომ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდსა და სამოქალაქო ავიაციის სხვა სუბიექტებს, კვალიფიცირდება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით“, – განმარტავენ GCAA-ში.