“პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიციები 14 მლნ დოლარიდან 17 მლნ-მდე გაზარდა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”,- განცხადება საქართველოს აეროპორტების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით გააკეთა.
თამარ არჩუაძის თქმით, გაფართოების სამუშაოები თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ უმოკლეს ვადებში დაასრულდა და დღეს უკვე ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო. წლიურად კი ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა და 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება. თამარ არჩუაძემ იმედი გამოთქვა, რომ ავიაკომპანიების რიცხვი ბათუმის აეროპორტში სულ უფრო მზარდი გახდება.
“2007 წლიდან პანდემიამდე ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანიების რიცხვი 5 ჯერ გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ განახლებულ აეროპორტით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დაინტერესდება. რაც საშუალებას მოგვცემს აჭარის რეგიონს მეტი ტურისტი ეწვიოს”,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.
პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის ისე გაფრენის მხარეს; ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სარეგისტრაციო დახლები, საზღვრის დაცვის ჯიხურები, დუტი ფრის ზონა, ბიზნეს ლაუნჯი და აეროპორტის მანქანების სადგომი;
აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარებით აღჭურვილი კვების ობიექტები და გაფრენის ზონაში 2 ავტობუსის გასასვლელი; მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.