თურქულ ავიაკომპანიებს ბორტზე პოლიციის თანამშრომლების ყოლა დაევალათ, რომლებიც სპეციალური ინსტრუქციების მიხედვით იქნებიან მომზადებულნი. შესაბამისი განკარგულება თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა.
პოლიციელების მოვალეობაში შევა თვითმფრინავის გატაცების მცდელობის და ასევე ბორტზე სხვადასხვა ინციდენტების თავიდან აცილება და აღკვეთა. შს სამინისტროს განკარგულებით, თვითმფრინავის ბორტზე სულ მცირე 2 პოლიციელი უნდა იმყოფებოდეს.
საჰაერო პოლიციელები თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებთან ერთად ისხდებიან და მიმდინარე მოვლენებს აქტიურად გააკონტროლებენ.
საჰაერო პოლიციაში მუშაობის მსურველებს, სამართალდამცველ ორგანოებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება უნდა ქონდეთ. ისინი, ცოდნის გაღრმავების მიზნით, საჰაერო ავიაციის მიმართულებით, მძევლების გათავისუფლებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ხელოვნებას და სპეცმომზადებისთვის, დამატებით კურსებსაც გაივლიან.
რეისის დასრულების შემდეგ, თითოეულ პოლიციელს ანგარიშის შედგენა ევალება.
საჰაერო პოლიციელები არ დაემორჩილებიან ეკიპაჟის წევრებს, თუმცა სამართალდამცველების ვინაობა და სახე მხოლოდ ეკიპაჟის წევრებს ეცოდინებათ.
ავიაკომპანიებს, საჰაერო პოლიციელებისათვის ავიაბილეთების გამოყოფა უკვე დაევალა.