გაკოტრებული სლოვენიის ეროვნული ავიაკომპანია Adria Airways-ის სახელი, რომელსაც 60 წლიანი ისტორია აქვს იყიდება. Adria Airways-ის საწყისი ღირებულება 10 ათასი ევროა. ავიაკომპანიის გაკოტრების ადმინისტრატორი მსურველებისგან განაცხადების მიღებას და შესაბამისად მათ აუქციონში მონაწილეობას ელოდება. გარდა სახელისა ნაკრები მოიცავს სამ განსხვავებულ ლოგოს და რამდენიმე დომენს, რომელსაც ავიაკომპანია იყენებდა.

ეს Adria Airways-ის ბრენდის გაყიდვის მესამე მცდელობაა, თავად ავიაკომპანიამ კი ფუნქციონირება 2019 წლის სექტემბერში შეწყვიტა. პირველ აუქციონზე ლოტის საწყისი ღირებულება 100 ათას ევროს შეადგენდა.

მას შემდეგ, რაც მყიდველი არ გამოჩნდა ლოტის საწყისი ფასი განახევრდა – 50 ათას ევრომდე. თუმცა მისი გასხვისების მეორე მცდელობაც წარუმატებლად დასრულდა.

თუმცა მანამდე გაკოტრების ადმინისტრატორმა  ავიაკომპანიის ექსპლუატანტის სერტიფიკატი 45 ათასი ევროდ გაყიდა. აღნიშნული დოკუმენტი, მოქმედების ვადის ამოწურვამდე, საშუალებას აძლევს ახალ მფლობელს დაჩქარებული წესით დაიწყოს ახალი ავიაკომპანიის ფუნქციონირება. ასევე, გაკოტრების ქონების მენეჯერმა  ავიაკომპანიის საფრენოსნო სკოლა გაყიდა, რაშიც ახალმა მფლობელმა 7,5 ათასი ევრო გადაიხადა.