ვინაიდან An-225 Mriya განადგურებულია და გლობალური Antonov-ის სატვირთო ფლოტი ხელმიუწვდდომელია, Airbus-მა დიდი ზომის სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირების ალტერნატივა წარადგინა. გასული წლინახევრის განმავლობაში Airbus Defense & Space-მა განავითარა ტვირთის ჩატვირთვის სისტემა და მეთოდები „მძიმე სამხედრო ტვირთის ჩასატვირთად“ Airbus Beluga A300-600ST ტიპის საჰაერო ხომალდში.

„დიდი ზომის საჰაერო ტვირთის გადაზიდვაზე მზარდი მოთხოვნაა. მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, ბევრი მომხმარებელი ეძებს ახალ, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას. სწორედ ამას ვთავაზობთ მათ ჩვენი BelugaST ფლოტის სახით“, – განაცხადა Airbus Defence and Space-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სკოლჰორნმა.
გერმანიის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობით, ევროპელმა მწარმოებელმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ BelugaST-ის საჰაერო ხომალდში, მცირედი დემონტაჟის შედეგად, შესაძლებელია Sikorsky CH-53 ტიპის სამხედრო მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენის მოთავსება საათ-ნახევარზე მოკლე დროში.
თავდაპირველად Airbus Transport International-ის ხუთი BelugaST გამოიყენებოდა ნაწილების ტრანსპორტირებისთვის. ისინი თანდათან შეიცვალა ექვსი ახალი თაობის BelugaXL ტიპის საჰაერო ხომალდებით, რომელსაც სატვირთო მოცულობისა და წონის კუთხით გაუმჯობესებული შესაძლებლობები აქვს.
ევროპის თავდაცვის სააგენტომ ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში აღნიშნა, რომ კრიტიკული ნაკლებობაა სტრატეგიულ ტრანსპორტზე დიდი ზომის მძიმე ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სამხედრო მისიებისა და ოპერაციებისთვის.