გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივანი, შაიხა ალ ნუვაისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო დელეგაცია ტურიზმის ინდუსტრიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

Silk Road Group-ის „სილქ ჰოსპიტალითის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით რაფავას შეფასებით, მსოფლიო ტურიზმის ხელმძღვანელი პირის ვიზიტი განსაკუთრებით ღირებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

„ასეთი რანგის სტუმრის ჩამოსვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ტურიზმი რამდენად პრიორიტეტულია საქართველოს ეკონომიკისთვის. შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საკმაოდ საინტერესო პასუხები მივიღეთ ჩვენს კითხვებზე იმის შესახებ, თუ რა ხელშეწყობა შეიძლება გასწიოს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციამ საქართველოში ტურიზმის გარკვეული მიმართულებების შემდგომი განვითარებისთვის“, – აღნიშნა დავით რაფავამ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი მაღალი დონის შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. შაიხა ალ ნუვაისი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით, ასევე ეწვევა საქართველოს რეგიონებს, სადაც ადგილზე გაეცნობა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებულ წამოწყებებს.