სტამბოლი არის ერთ-ერთი უნიკალური  ქალაქი, რომელიც რამაზანის რელიგიურ დღესასწაულს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს.  რამაზანი თურქულ კულტურაში  ცნობილია როგორც „თერთმეტი თვის სულთანი” და იგი ითვლება დახმარების, ერთგულებისა და სიყვარულის დღესასწაულად. ამ  წმინდა და კურთხეულ ერთ თვეს სტამბოლში საოცრად აღნიშნავენ.

საგულისხმოა, რომ რამაზანის დრო ყოველ წელს იცვლება და იგი წელს 23 მარტს დაიწყება და 20 აპრილამდე გაგრძელდება. ვიზიტორებს ამ პერიოდში შეუძლიათ  ჩამოვიდნენ სტამბოლში, სადაც მათ კეთილგანწყობილი და სიყვარულით აღსავსე ხალხი დახვდებათ და ეს ძვირფასი თვე მათთან ერთად გაატარონ.

რამაზანის თვის დადგომა ყველგან იგრძნობა

რამაზან ბაირამის დადგომა ყველგან იგრძნობა. ამ რელიგიურ დღესასწაულს გააჩნია მრავალი ტრადიცია, რომელსაც ხალხი აუცილებლად იცავს სტამბოლში. მაგალითად, ერთ-ერთი არის დოლებით სტამბოლის ქუჩებში გათენებამდე სიარული,  ლექსების კითხვა  და აზანი (ლოცვის წაკითხვა), რის მიზანსაც დილით იმსაქისთვის (დილით მარხვისთვის ჭამის დრო) ხალხის გაღვიძება წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი სტამბოლს ულამაზეს იერს სძენს.

მარხვის პროცესი იწყება სუჰურის (კვება, რომელსაც მუსლიმები დილით ადრე, მარხვამდე მიირთმევენ) შემდეგ, როდესაც აზანი ლოცვის წაკითხვა) მთავრდება. ეს კი გრძელდება საღამოს ლოცვამდე და იფტარამდე (საღამოს კვება, როდესაც მუსლიმები წყვეტენ მარხვას), რა დროსაც რამდენიმე წუთიანი აზანი იწყება და უკვე შესაძლებელი ხდება მთელი დღის მარხვის დარღვევა. მარხვა სასურველია, ადამიანმა, პირველ რიგში, წყლით, ზეთისხილით ან რამდენიმე ფინიკით დაარღვიოს.

რამაზანის დროს ქალაქის კაფეები, რესტორნები და სხვა კვების დაწესებულებები გვთავაზობენ საოცარ მენიუს, რომელშიც ადგილობრივი კერძების გარდა, შედის სპეციალურად რამაზანისთვის გამომცხვარი უგერმრიელესი პური და ტკბილეულები. ასევე ქალაქის მოედნებზე იშლება იფტარის დიდი სუფრა, რომელიც სიმბოლურად  ადამიანების ერთობას, სიმტკიცესა და სიყვარულს გამოხატავს. რამაზანის თვეში ვიზიტორებს შეუძლიათ როგორც კოლექტიური, ისე ქალაქში არსებული რესტორნებისა და კაფეების მიერ შემოთავაზებული, სპეციალურად  იფთარისთვის განკუთვნილი  სუფრებით ისიამოვნონ. მათი მენიუ ძირითადად შედგება ტრადიციული თურქული კერძებისგან. მაგალითად, მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კერძად ითვლება გულაჩი (güllaç), თურქული დესერტი,  რომელიც ასევე მოიაზრება თურქული “ბაქლავის” წინაპრად და იგი მზადდება ცომით, რძით, ვარდის წყლითა და ბროწეულით.

ტრადიციული გართობა სუჰურამდე

იფტარის შემდეგ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ტარავიჰის ლოცვების ჩატარება, რომელიც სტამბოლის  მეჩეთებში სრულდება. ამ ლოცვას  მრავალი სარგებელი და უპირატესობა აქვს და ეს კარგია, არა მხოლოდ სულიერი თვალსაზრისით, არამედ ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვისაც. ქალაქის მოედნებზე იმართება პოეზიის საღამოები,  ადამიანები საუბრობენ  რელიგიურ თემებზე, ტარდება ხალხური ცეკვები, იკვრება მუსიკა, იმართება სპექტაკლები, რომლითაც სიამოვნებას იღებენ არამარტო ბავშვები, არამედ მოზრდილებიც.

მოგზაურობა სტამბოლის წმინდა ადგილებში

კიდევ ერთი რამ, რაც რამაზანის თვეში სტამბოლს უნიკალურს ხდის, არის ქალაქის  წმინდა ადგილები. მაგალითად, ესენია ეიუპ სულთანის მეჩეთი,  იუშას გორა, სადაც ამტკიცებენ, რომ იუშა წინასწარმეტყველის  საფლავი მდებარეობს, იაჰია ეფენდის საფლავი, ასევე სხვა ისტორიულ-კულტურული ადგილები, როგორიცაა აია სოფიას ტაძარი,   სულთან აჰმედის მეჩეთი, თოფქაფის სასახლე და სხვა მრავალი მოსანახულებელი ადგილი რამაზანის პერიოდში.

რამადანის სიხარული სტამბოლში განიცადეთ

წმინდა რამაზანის თვის დაწყებაც და  დასრულებაც  ლოცვით იწყება. ასევე  სტამბოლში არდადეგების დროს ხშირად ნახავთ ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომლებიც მიდიან უფროსებთან და ურიგებენ წყალს, ტკბილეულებს, ნამცხვრებსა და  ტანსაცმლებს. რამაზანი შემდეგ ქალაქის პარკებსა და გასართობ ადგილებშიც გრძელდება, რათა ბავშვებმა სრულად განიცადონ ამ დღესასწაულის მადლი და შეიგრძნონ ის ბედნიერება, რაც ამ წმინდა თვეს მოაქვს ადამიანებისთვის.