უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA ტაილანდის მიმართულებით ფრენებს წყვეტს, ხოლო დუბაის მიმართულების ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია. FlyUIA-ს პრეზიდენტის ევგენი დიხნეს განმარტებით, გააგრძელებს თუ არა FlyUIA კიევი-დუბაის მიმართულებაზე ოპერირებას კომპანიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. დიხნეს თქმით, FlyUIA ირანის ტერიტორიის გავლით კიევი-დუბაის მარშრუტის დაფარვას 5.5 საათს ანდომებდა, უკანა გზას კი – 6 საათს. ირანის ტერიტორიაზე ფრენების შეჩერების შემდეგ კი ავიაკომპანია აღნიშნული მარშრუტის დაფარვას 8 საათზე მეტს მოანდომებს, რადგანაც თვითმფრინავს საწვავის შესავსებად ლარნაკაში ან ანტალიაში მოუწევს დაჯდომა..  

შეწყვეტს თუ არა საბოლოოდ FlyUIA კიევი-დუბაი-კიევის ავიარეისებს, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუმცა მანამდე ცნობილია, რომ სპარსეთის ყურის შემოვლა ავიაკომპანიისთვის ფინანსურად მომგებიანი არ არის. 

რაც შეეხება ბანგკოკს, FlyUIA-თვის ეს მიმართულება ერთმნიშვნელოვნად წამგებიანი გახდა, თუმცა იმ მგზავრებს, რომელთაც ტურისტულ სეზონზე აღნიშნულ მიმართულებაზე ქონდათ ნაყიდი ბილეთები ავიაკომპანია აუცილებლად მოემსახურება. ტაილანდში ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე FlyUIA ამ მიმართულებაზე ფრენებს შეწყვეტს. 

რაც შეეხება კიევი-პეკინის მიმართულებას, არც მისი განახლება იგეგმება. როგორც FlyUIA-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ კი ფრენების მარშრუტები საწყის ეტაპს (იგულისხმება რუსეთის ტერიტორია – რედ) დაუბრუნდება, მაშინ ავიაკომპანია ფრენების განახლებას განიხილავს. დიხნეს მიაჩნია, რომ ის დამატებითი 3 საათი, რასაც კომპანია პეკინის მიმართულებით ფრენას ანდომებდა კომპანიისთვის მომგებიანი არ იყო, რადგანაც საკმაოდ ბევრი საწვავის ხარჯი იყო და მისი აზრით, აღნიშნული მიმართულება აქამდეც უნდა გაუქმებულიყო.