უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA საახალწლოდ კიევის თავზე საათობრივ კორპორატიულ საჰაერო ტურებს იწყებს.
ფრენა ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან Embraer 195-ის მეშვეობით განხორციელდება, რომელიც მაქსიმუმ 116 ადგილზეა გათვლილი. ექსკურსიის ხანგრძლივობა 1 საათი იქნება.
”ერთსაათიანი ექსკურსიის დროს პილოტები მგზავრებს მოუყვებიან იმას, რაც აქამდე მხოლოდ სმენიათ: რა არის “ფრენის რუკები ”,” ეშელონი ”და” ბრიფინგი ”, როგორი ამინდია ფრენისთვის არახელსაყრელი და ა.შ.”, – აღნიშნულია FlyUIA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თვითმფრინავის სრული დატვირთვის შემთხვევაში ერთი ადგილის ღირებულება იქნება 70 დოლარის ექვივალენტი გრივნაში.
FlyUIA პირველი ავიაკომპანია არაა, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის დროს მსურველებს მსგავსი სერვისი შესთავაზა.
სექტემბერში ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა რამდენიმე 7 საათიანი საექსკურსიო რეისის დაწყების შესახებ განაცხადა. Qantas-ის აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი $575-დან $2765-მდე იყო და ყველა ბილეთი რეალიზაციის დაწყებიდან 10 წუთში გაიყიდა.