უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA მთავრობას COVID ვაქცინირებული უცხოელებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობების გამარტივებას სთხოვს.
მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ვინც წითელი ზონის ქვეყნებიდან უკრაინაში ჩავა, PCR ტესტი უნდა გაიკეთოს, ან 14-დღიანი თვითიზოლაცია გაიაროს.
FlyUIA ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დღეს წითელ ზონაში ისეთი ქვეყნები შედიან, სადაც COVID-19-ის წინააღმდეგ აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობს.
არსებული რეგულაციით, თუ კი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვაქცინაცია აქვს ჩატარებული ანუ გაკეთებული აქვს ვაქცინის ორივე დოზა და უკრაინაში შედის წითელი ზონის ქვეყნებიდან მაინც ვალდებულია PCR ტესტი გაიკეთოს, ან 14-დღიანი თვითიზოლაცია გაიაროს.
FlyUIA-ში მიაჩნიათ, რომ იმ მოგზაურებისთვის, რომელთაც ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული, უკრაინაში შესვლის პროცედურები უნდა გამარტივდეს, რაც თავის მხრივ უკრაინაში ვაქცინაციის პროცესზე დადებითად აისახება.
ასევე, ვაქცინირებული უკრაინელები განთავისუფლდებიან სავალდებულო თვითიზოლაციისგან და მათაც სხვა ქვეყნები მარტივად გახსნიან საზღვრებს.