უკრაინის უმსხვილესმა ავიაკომპანია FlyUIA-მ სალიზინგო კომპანიების მოთხოვნით, საჰაერო ხომალდების საზღვარგარეთ მასობრივი გაყვანა დაიწყო. ამ წუთებში ავიაკომპანიის ხუთი თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტიდან ევროპის აეროპორტებში მიემგზავრება. ამ ხომალდების სარეგისტრაციო ნომრებია UR-PSP, UR-PSZ, UR-PSO, UR-PSX, UR-PSQ. აღნიშნული თვითმფრინავები SASOF III-სა და AWAS 36820 TRUST-ის კუთვნილებაა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დაძაბული ვითარების ფონზე, რაც თავის მხრივ რუსეთის მხრიდან ქვეყანაში შეჭრის მოლოდინებს უკავშირდება, სადაზღვევო კომპანიებმა 12 თებერვალს განაცხადეს, რომ შეწყვეტენ რისკების დაფარვას უკრაინის თავზე ფრენისის შემთხვევაში. ამის გამო ზოგიერთმა მეიჯარემ (სალიზინგო კომპანიამ) გადაწყვიტა უკრაინიდან თვითმფრინავების გაეყვანა.
აღსანიშნავია, რომ პრობლემა ძირითადად ექმნება სამი უკრაინული ავიაკომპანიის FlyUIA-ს, SkyUp-ის და Bees Airline-ს ფლოტებში მდგარ სულ 23 ხომალდს.
ამ ვითარებაში კი პირველი უკრაინის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp დაზარალდა. 13 თებერვალს, პორტუგალიიდან კიევში ფრენისას, მისი თვითმფრინავი კიშინიოვში დაეშვა. ავიაკომპანიამ ამის მიზეზად კი თვითმფრინავის მფლობელის მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვა დაასახელა.
პრობლემის მოსაგვარებლად უკრაინის მთავრობამ 13 თებერვალს საგანგებო სხდომა გამართა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 16,6 მილიარდი გრივნა გამოუყო 23 თვითმფრინავის რისკის დაზღვევისთვის. თუმცა, ის ფაქტი, რომ FlyUIA იძულებული გახდა დაეწყო თვითმფრინავების საზღვარგარეთ გაყვანა, იმაზე მეტყველებს, რომ ამ მექანიზმს ჯერჯერობით შედეგი არ გამოუღია.