უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა – FlyUIA-მ კანადის პროვინცია ონტარიოში ირანის წინააღმდეგ, ორი წლის წინ ჩამოგდებული სამგზავრო თვითმფრინავის გამო, სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ირანული სამსახური იუწყება.

სარჩელში ორი მოპასუხეა ირანი და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი. ავიაკომპანია სასამართლოს მეშვეობით ირანისგან კომპენსაციის გადახდას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 8 იანვარს FlyUIA-ს  Boeing 737-800 NG თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ზუსტად 2 წუთში  ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა, სულ 176 ადამიანი. დაღუპულთა შორის უკრაინის 11 მოქალაქე იყო, მათგან ცხრა ეკიპაჟის წევრი.

ლაინერს მოხვდა და ჩამოვარდა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მიერ გასროლილი ორი რაკეტა.

FlyUIA-ს თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს, მიწაზე დანარცხებამდე აალდა, აღნიშნული იყო ირანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშში.

მათი მონაცემებით, ლაინერის ფრენის ტრაექტორია აჩვენებს იმას, რომ პრობლემის წარმოქმნისთანავე ეკიპაჟმა თვითმფრინავი აეროპორტის მიმართულებით მოაბრუნა. ამავე დროს, მფრინავებმა ბორტზე საგანგებო მდგომარეობის შესახებ არ გამოაცხადეს.

მალევე, ავიაკატასტროფის მიზეზად ძრავის აალება დასახელდა, რასაც უკრაინული მხარე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მათი დროშის ქვეშ მფრინავი საჰაერო ხომალდი ტექნიკურად გამართული იყო. ბორტს ბოლო სავალდებულო ტექნიკური მომსახურეობა, ავიაკატასტროფამდე 2 დღით ადრე, 2020 წლის 6 იანვარს ჩაუტარდა.

საბოლოოდ გამოჩნდა ვიდეო მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ FlyUIA-ს კატასტროფის მიზეზი რაკეტის მოხვედრა იყო.