იტალიაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების მიუხედავად, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA იტალიის მიმართულებით ფრენებს აგრძელებს. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ მათთვის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება №1 პრიორიტეტია. ამიტომ ავიაგადამზიდავი იტალიის მიმართულებით და იტალიიდან განხორციელებულ რეისებზე, უსაფრთხოების მხრივ, ყველა იმ ზომებს ატარებს, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული.
FlyUIA-ში განმარტავენ, რომ იტალიის მიმართულებით ავიარეისების შეჩერებაზე დირექტივა არ ყოფილა. ამიტომაც ავიაკომპანია კიევიდან რომის, მილანისა და ვენეციის მიმართულებით რეისებს გაწერილი განრიგის მიხედვით ასრულებს. აეროპორტებში კი მგზავრები სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გადიან და ამის მერე ხდება მათი ბორტზე დაშვება.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანია ითვალისწინებს მგზავრთა შეშფოთებას იტალიის მიმართულებით დაგეგმილ მოგზაურობებზე და ამიტომ კომპანია მგზავრებს რეისების თარიღების უფასოდ შეცვლის შესაძლებლობას აძლევს.
აღნიშნული შეღავათი ვრცელდება შემდეგ მიმართულებებზე:
უკრაინიდან იტალიის, გერმანიის და შვეიცარიის მიმართულებით დაგეგმილ ფრენებზე.
იტალიიდან ინდოეთის, თურქეთის და ეგვიპტის მიმართულებით დაგეგმილ ფრენებზე,
იტალიიდან, ავსტრიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდანს, გერმანიიდან და შვეიცარიიდან ისრაელის მიმართულებით დაგეგმილ ფრენებზე.
და ასევე, უკრაინიდან იტალიის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებზე.