საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს, დროებით, აჩერებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია “ტავ ჯორჯიაში” დაუდასტურეს.
ფრენების შეჩერების მიზეზი კი მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციაა. Flynas-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და საუდის არაბეთის ქალაქებიდან ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებდა.
Flynas-ი თბილისის მიმართულებით ოპერირებას, დროებით, 16 მარტიდან აპრილის ბოლომდე წყვეტს.
ამ ეტაპისათვის, ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Flynas-ი ფრენებს რიადიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ასრულებდა – კვირაში 3 სიხშირით.
Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებით Airbus A320NEO შედგება.
საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტებით გამოირჩევა.