არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai-მ ბათუმის მიმართულებით სეზონური რეისები განაახლა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ავიაკომპანია დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს. flydubai ბათუმის მიმართულებით რეისებს ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.
ცნობილია, რომ ავიაკომპანიამ მიმდინარე სანავიგაციო სეზონზე საკმაოდ დატვირთულ რეჟიმზე უკვე განაცხადა. flydubai ზაფხულში თვეში 9500 რეისს განახორციელებს.
ავიაკომპანიის წინასწარი მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ 1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე 4,5 მილიონზე მეტი მგზავრი ისარგებლებს კომპანიის მარშრუტების ქსელით (117 მიმართულება 52 ქვეყანაში).
წლის დასაწყისიდან flydubai-მ შვიდი ახალი თვითმფრინავის მიიღო, რითაც თავისი Boeing 737NG\MAX -ების მინი-ფლოტი 79 ერთეულამდე გაზარდა.