საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და ავიაკომპანია FlyArystan -ს მხარდაჭერით ყაზახეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ. პრეს-ტურში 13 ბლოგერი, ჟურნალისტი და ავიაკომპანია FlyArystan -ს წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ტურის ფარგლებში ყაზახეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებმა და პოპულარულმა ბლოგერებმა ქუთაისი, მოწამეთას, გელათის მონასტრები, პრომეთეს მღვიმე, ქვევრის მუზეუმი, წყალტუბო, საირმე, მარტვილის კანიონი, ნოქალაქევი, დადიანების სასახლე ზუგდიდში მოინახულეს. პრეს-ტურის მონაწილეებმა კატერით ენგურჰესის წყალსაცავში გაისეირნეს. ტურის პარალელურად ბლოგერებმა სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეო და ფოტო რეპორტაჟები მოამზადეს, რომელსაც ათიათასობით ინტერნეტ მომხმარებელი უკვე გაეცნო. იგეგმება სტატიების მომზადება ყაზახეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის.
„ყაზახეთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ტურისტული ბაზარია. განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც პირდაპირი საჰაერო რეისები სრულდება, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. დღეს დასრულდა ტური, სადაც ყაზახეთიდან 13 მედიასაშუალებების წარმომადგენელი მონაწილეობდა. პრეს-ტურში ასევე მონაწილეობდნენ ბლოგერები და ავიაკომპანიის წარმომადგენლები. ტურის ფარგლებში მოინახულეს იმერეთისა და სამეგრელოს ტურისტული ადგილები. ვფიქრობ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჟურნალისტების მიერ შექმნილი მასალით კიდევ ერთხელ მოვახდინოთ საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე და განსაკუთრებით ყაზახეთში“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.