ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი შიმქენთიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ანახლებს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ,  FlyArystan-ი შიმქენთი​-ქუთაისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 19 მარტიდან შეუდგება და კვირაში 2 სიხშირით იფრენს. ფრენები აღნიშნულ მიმართულებაზე ოთხშაბათობით და შაბათობით შესრულდება.

შეგახსენებთ, რომ FlyArystan-მა შიმქენთი​-ქუთაისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე რეისების განხორციელება 2021 წლის 14 ივლისიდან, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით დაიწყო. თუმცა ზამთრის სანავიგაციო სეზონზე აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირება დროებით შეაჩერა.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.