მიმდინარე წლის 12 აგვისტოდან, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას იორდანიული ავიაკომპანია Fly Jordan (Solitaire Air) განაახლებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ამანი – ბათუმი – ამანის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. ავიარეისები ამანსა და ბათუმს შორის 12 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს, Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Fly Jordan-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მიენიჭა.
იორდანიულმა ჩარტერულმა ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ოპერირება 2017 წელს დაიწყო.
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.