არაბულმა ავიაკომპანია Fly Dubai-მ დუბაიდან ქუთაისის მიმართულებით რეისების განხორციელება გადაიფიქრა. ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ მიზეზების ახსნა მხოლოდ ავიაკომპანიის სათაო ოფისში შეუძლიათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ფრენების გაუქმების მიზეზი დაბალი მოთხოვნა გახდა.

არადა ჯერ კიდევ მაისის ბოლოს აღნიშნული რეისების განხორციელების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” გაავრცელა.

Fly Dubai ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას 14 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ Fly Dubai დუბაიდან თბილისის მიმართულებით რეისებს რამდენიმე წელია უკვე ახორციელებს, ხოლო გასულ წელს ავიაკომპანიამ არსებულ მარშრუტებს ბათუმის მიმართულებაც დაამატა.