Finnair-ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებულია.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლონდონში გამართული  საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა WTM London 2019-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ფინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Finnair-ის წარმომადგენლებთან.  
ფინეთის მხარემ დაინტერესება გამოთქვა საქართველოში რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის უწყებებთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

✅„ჩვენ ჩამოვედით ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგებით, ჩვენთვის  სტარტეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან და მსხვილ ტუროპერატორებთან ძალიან ღირებული შეხვედრები შედგა. გამოფენაზე„ World Travel Market 2019-ის  ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენელები, მათგან უკვე გვაქვს პოზიტიური უკუკავშირი იმასთან დაკავშირებით, რომ გამოფენის ფარგლებში მათ მივეცით უნიკალური საშუალება დაემყარებინათ კონტაქტები არამხოლოდ ლონდონის არამედ მსოფლიო მასშტაბით ცენტრალურად მნიშვნელოვანი ქვეყნების ტუროპერატორებთან. 
ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სტენდზე ვუმასპინძლეთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა კიდევ ერთი უნიკალური შანსია მსოფლიოს ვაჩვენოთ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი მაღალმხარჯველიანი ტურისტი ევროპიდან.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


✅ლონდონის ტურისტული გამოფენა 40 წელია ტარდება. WTM 2019 გამოფენა-ბაზრობაზე მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 50 ათასზე მეტი პროფესიონალი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ Finnair-ი მსოფლიში  მეექვსე უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. Finnair-ი ჰელსინკიდან  აზიაში 130-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანია ოპერირებას ახდენს ასევე, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით.