აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი Boeing 737 MAX-ით საცდელი ფრენა თავად განახორციელოს, რომელიც ორი თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. ფრენა 30 სექტემბერსაა ჩანიშნული. 

საცდელი ფრენა გამიზნულია პოტენციური მგზავრების ნდობის ასამაღლებლად. თავად დიკსონი ადრე ავიაკომპანია Delta Air Lines-ში მუშაობდა და რამდენიმე ტიპის საჰაერო ხომალდის მართვა იცის, მათ შორის 737-საც. 

Boeing 737 MAX-ის ტესტის ჩაბარებამდე, FAA-ს ხელმძღვანელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად  დამატებითი კურსის გავლა მოუწევს, რათა შეტანილი ცვლილებების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს, მათ შორის მანევრის მახასიათებლების დამატების სისტემაზე (Maneuvering Characteristics Augmentation System, MCAS).

აღსანიშნავია, რომ Boeing 737 Max-ის ფრენების დროებით შეჩერებას 50-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა, მათ შორისაა საქართველოც, რომელმაც საჰაერო სივრცეში Boeing 737-8 MAX-ისა და 737-9 MAX-ის ფრენები 2019 წლის მარტში, დროებით შეაჩერა.

მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA)  დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში.

გადაწყვეტილება ძალაშია 2019 წლის 13 მარტიდან.

2019 წლის 13 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უწყება აკვირდება ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს.

„Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
აქვე ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო (რეისი ET302), უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, საჰაერო ხომალდის ოპერატორ ავიაკომპანიას და შესაბამის საავიაციო ხელისუფლებას”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა, რომელიც 2019 წლის 10 მარტს მოხდა, ეს უკვე მეორე უდიდესი ტრაგიკული შემთხვევაა, რომელიც Boeing 737-ს შეემთხვა.

აღსანიშნავია, რომ ეთიოპიაში ჩამოვარდნილი ლაინერი – Boeing 737 Max 8 არის გაუმჯობესებული, მეორე ვერსია — 737 Max-ის, რომელის ექსპლუატაციაც 2017 წელს დაიწყო. მწარმოებლის გათვლებით, ამ მოდელებს უნდა ჩაენაცვლებინათ Boeing 737 Next Generation-ი.

ახალი თაობის Boeing 737-მა ავიაკატასტროფა უკვე მეორედ განიცადა. პირველი შემთხვევა 2018 წლის 29 ოქტომბერს მოხდა, როდესაც Lion Air-ის კუთვნილი Boeing 737 Max 8 ინდონეზიაში, ჯაკარტას მახლობლად ჩამოვარდა.

ნოემბერში უკვე ცნობილი გახდა, რომ Boeing-მა, წინასწარი გამოძიების საფუძველზე, მსგავსი ტიპის თვითმფრინავების ოპერატორებს გაფრთხილება გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ  კონტროლს სისტემების ხარვეზს, შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოეტანა.