ევროპული ავიაკომპანიები, მათ შორის Lufthansa და Air France-KLM, შიშობენ, რომ ეკონომიკურმა გაურკვევლობამ შესაძლოა ზაფხულში მოგზაურობაზე მოთხოვნა შეანელოს და ინდუსტრიის შემოსავლებს საფრთხე შეუქმნას. ცეცხლს ნავთი დაასხა ევროპის ტურიზმის კომისიის ახალმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ევროპელები ამ ზაფხულს კონტინენტზე მოგზაურობას ნაკლებად გეგმავენ, განსაკუთრებით Z თაობის წარმომადგენლები (დაბადებულები 1997-დან 2012 წლამდე – რედ.), წერს Reuters.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ეს COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოგზაურობისადმი გაზრდილი მოთხოვნების პოტენციური შენელების პირველი ნიშანია.
ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესებით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობა ევროპაში რეცესიის შიშს აძლიერებს, რაც ბევრს აშფოთებს, რომ შედეგად მომხმარებელთა და მოგზაურობის ხარჯები შეიძლება დაზარალდეს. თუმცა, ამ ეტაპზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირება არ დაფიქსირებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიები ჯერ არ ხედავენ აშკარა უარყოფით შედეგებს, კვლევამ აჩვენა, რომ Z თაობის მოგზაურები 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში მოგზაურობას გასულ წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებად გეგმავენ.
ზოგიერთი ამტკიცებს, რომ Z თაობა უფრო მგრძნობიარეა მაღალი ხარჯების მიმართ, თუმცა მოგზაურობის კომისიამ განაცხადა, რომ Z თაობის მოგზაურებს, რომლებიც მოგზაურობებს ჯავშნიან, ხშირად უფრო მაღალი ბიუჯეტი აქვთ, ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებს.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Z თაობა მოგზაურობის განზრახვებთან დაკავშირებით უფრო ფრთხილი იყო და უფრო ნაკლებ მოგზაურობას გეგმავდა, ვიდრე მათი უფროსი ასაკის თანატოლები“, – განაცხადა ევროკომისიის ტურიზმის გენერალურმა დირექტორმა ედუარდო სანტანდერმა.