ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა და ნავთობზე ფასების მკვეთრმა მატებამ ევროპული ავიაციის დღის წესრიგი შეცვალა. 19 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე წამყვანი ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა ევროკავშირის „მწვანე პოლიტიკა“ და ის მკაცრი წესები გააპროტესტეს, რომლებიც 2030 წლიდან ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავზე (eSAF) გადასვლას ითვალისწინებს. სექტორის წარმომადგენლები რეგულატორებს ამ მოთხოვნების გაუქმების თხოვნით მიმართავენ, რის მიზეზადაც სინთეტიკური საწვავის დეფიციტს და მის წარმოუდგენლად მაღალ თვითღირებულებას ასახელებენ.

ისეთი მსხვილი გადამყვანები, როგორიცაა Air France-KLM, Ryanair, Lufthansa, EasyJet და IAG (British Airways-ის მფლობელი), წლებია ჩივიან, რომ ევროპული რეგულაციები მათ არათანაბარ პირობებში აყენებს აზიურ და ახლოაღმოსავლურ კონკურენტებთან შედარებით. მათი განმარტებით, ეკოლოგიური გადასახადები და ძვირადღირებული საწვავის გამოყენების ვალდებულება სხვა რეგიონების ავიაკომპანიებს საფასო უპირატესობას ანიჭებს, რაც ევროპულ ბაზარს აზარალებს. შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს საოპერაციო ხარჯების ზრდა — თებერვლის ბოლოსთვის ევროპაში საავიაციო საწვავის ფასი გაორმაგდა, ხოლო აზიაში თითქმის 80%-ით გაიზარდა.

მიუხედავად ავიაკომპანიების მწვავე რეაქციისა, ეკოლოგიური ორგანიზაციები და სუფთა საწვავის მწარმოებლები პოზიციებს არ თმობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ „მწვანე დღის წესრიგი“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სექტორის ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად და გრძელვადიანი მდგრადობისთვის. თუმცა, ავიაკომპანიების ლობისტური ჯგუფები ამტკიცებენ, რომ არსებულ კრიზისულ პირობებში ეკოლოგიური მიზნების დაუყოვნებლივ შესრულება ბილეთების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას და მარშრუტების შემცირებას გამოიწვევს.