ევროპის საჰაერო სივრცეში საერნაოსნო მომსახურების ყველაზე მსხვილი მომხმარებელი და გადამხდელი ​ Ryanair-ია. ამას შესახებ EUROCONTROL-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

ირკვევა, რომ “ლოუკოსტერმა” 2019 წელს 696,6 მლნ ევროს ოდენობის გადასახადი გადაიხადა. ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია easyJet-მა, რომელმაც ანალოგიური მაჩვენებლების მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა, 2019 წელს ევროპის საჰაერო სივრცეში საერნაოსნო მომსახურებისთვის 451,4 მლნ ევრო გადაიხადა. გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ კი 380.8 მლნ ევრო. აღნიშნული მაჩვენებლებით ის მესამე პოზიციაზეა. 

ევროპის საჰაერო სივრცეში საერნაოსნო მომსახურების მიმღებ ყველაზე მსხვილ TOP-10 ავიაკომპანიაში მოხვდა ასევე: British Airways-ი (318,9 მლნ ევრო), Turkish Airlines-ი (293,8 მლნ ევრო), Air France (272,8 მლნ ევრო), Emirates-ი (223,7 მლნ ევრო), TUI Group (210,2 მლნ ევრო), Norwegian Group-ი (197,8 მლნ ევრო) და Qatar Airways-ი (190,8 მლნ ევრო).

EUROCONTROL-ის წევრებს შორის ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს საფრანგეთმა (1 მლრდ 317,2 მლნ ევრო), გერმანიამ (961,4 მლნ ევრო) და იტალიამ (774,1 მლნ ევრო).

EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების TOP-10, რომელთაც ავიაკომპანიებისგან შედარებით მეტი გადასახადი მიიღე ასეთია: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთის კონტინენტური ნაწილი, თურქეთი, ავსტრია, პოლონეთი, შვედეთი და ნიდერლანდები. 

2019 წელს EUROCONTROL-ის წევრმა ქვეყნებმა 7,9 მლრდ ევროს ღირებულების საერნაოსნო მომსახურება გასწიეს და 11.11 მლნ რეისს მოემსახურნენ. რაც დღეში საშუალოდ 30 427 რეისის მომსახურეობას გულისხმობს და რაც თავის მხრივ 0,9%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა. ორგანიზაცია 41 წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს, საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების დანერგვაში. გარდა ამისა, EUROCONTROL-ი ორიენტირებულია ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მოქნილ სარგებლობაზე, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, ეფექტური, გარემოსადმი კეთილსასურველი და ინოვაციური პროექტების შეთავაზებაზე.