არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ქართულ სატვირთო ავიაკომპანია „GEO SKY“-ზე საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა. ავტორიზაციის საფუძველზე, ავიაგადამზიდველს უფლება ენიჭება ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.

ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს და ევროკავშირის სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია მანამ სანამ ოპერატორი აკმაყოფილებს PART-TCO რეგულაციის სტანდარტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის გამცემი სახელმწიფო (საქართველო) არ შეაჩერებს ან გააუქმებს შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებას.

„GEO SKY“-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წელს გასცა. ოპერატორის ფლოტი ამჟამად ორი Boeing B747 ტიპის საჰაერო ხომალდისაგან შედგება. ავიაკომპანია ბაქოს აეროპორტში ბაზირებს და სატვირთო გადაზიდვებს ემირატებისა და ავღანეთის (აშშ-ს სამშვიდობო მისიის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა) მიმართულებით ასრულებს. „GEO SKY“ ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული. EASA-ს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის ქონა გააადვილებს „GEO SKY“-ის ოპერირებას ევროპულ საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას.

„GEO SKY“ რიგით მესამე ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის მფლობელი გახდა. 2016 წელს EASA-ს ავტორიზაცია ავიაკომპანიებმა “Georgian Airways”-მა და “TCA”-მ მოიპოვეს. 2016 წლიდან, EASA-ს ავტორიზებული ნებართვის ქონა სავალდებულოა ნებისმიერი არა-ევროკავშირის ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს აღნიშნული გაერთიანების ტერიტორიაზე