Which? Travel-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კრაკოვი ზედიზედ მეხუთე წელია ევროპაში დასვენებისთვის საუკეთესო ქალაქად დასახელდა.

გამოკითხვაში შვიდი კრიტერიუმი იყო გათვალისწინებული: კვება, განთავსება, ღირსშესანიშნაობები, შოპინგი, გადაადგილების სიმარტივე, ხალხმრავლობის არარსებობა და, რაც მთავარია, ფასი-ხარისხის თანაფარდობა. საბოლოო ქულა ზოგადი კმაყოფილების და ქალაქის რეკომენდაციის სავარაუდო შესაძლებლობის საფუძველზე გამოითვალა. კრაკოვმა პირველი ადგილი 92%-იანი შთამბეჭდავი შედეგით დაიკავა.

ქალაქმა ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა კვების, განთავსების და გადაადგილების სიმარტივის კატეგორიებში. ეს ასევე ერთადერთი ადგილია, რომელმაც ხუთი ვარსკვლავი მიიღო ფასი-ხარისხის თანაფარდობისთვის, რადგან Kayak-ის მონაცემებით, ქალაქში განთავსების საშუალო ღირებულება მხოლოდ 86 ფუნტი სტერლინგია ღამეში.

კრაკოვმა ოთხი ვარსკვლავი მიიღო ღირსშესანიშნაობებისთვისაც. ერთ-ერთმა ტურისტმა, რომელმაც ყოველწლიურ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, განაცხადა: „ეს კარგი, თითქმის ხელუხლებელი ქალაქია. შესანიშნავი კერძებია ხელმისაწვდომ ფასად. ბევრჯერ დავრჩენილვარ აქ და სასტუმროების დიდი არჩევანია კარგი ფასი-ხარისხის თანაფარდობით. აქაურები მეგობრულები და საკმაოდ უსაფრთხოები არიან“.

კრაკოვი ასევე ცნობილია ისტორიული მნიშვნელობის ადგილებში ერთდღიანი მოგზაურობის შესაძლებლობით, როგორიცაა ოსვენციმი და ველიჩკის მარილის საბადო.

Which? Travel-ის რედაქტორის მოადგილის, ნაომი ლიჩის თქმით, ტურისტებს, რომლებიც ეძებენ საუკეთესო ფასებს, ურჩევენ, მოგზაურობა წინასწარ დაგეგმონ და არა ტურისტულ სეზონზე. გამოკითხვის შედეგების თანახმად, კარგი ფასი-ხარისხის თანაფარდობა ასევე აქვთ ვალენსიას, ვენეციასა და ვენას.