ევროპის აეროპორტების თითქმის ნახევარმა (48%) 2019 წელთან შედარებით ტრაფიკის მოცულობა აღადგინა, ჰითროუს აეროპორტმა კი სექტემბერში მოგზაურების რეკორდული რაოდენობა მიიღო.
ACI Europe-ის ცნობით, სტამბულის მთავარმა აეროპორტმა მესამე კვარტალში 14,1%-ით მეტი მგზავრი გაატარა, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში.
მაგრამ რამდენიმე მსხვილ ევროპულ აეროპორტს ჯერ კიდევ სჭირდება ძალისხმევა: პარიზი-შარლდე გოლის აეროპორტმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 12,2%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტმა 10,9%-ით, ხოლო ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტმა 14,1%-ით ნაკლები მგზავრი გაატარა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლუქსემბურგმა მესამე კვარტალში 2019 წელთან შედარებით 13,3%-იანი ზრდა აჩვენა, საბერძნეთმა 12,9%-იანი, ხოლო პორტუგალიამ კი 11%-იანი ზრდა
ფინეთში, რომლის ფლაგმანი Finnair ტრადიციულად ეყრდნობოდა რუსეთის საჰაერო სივრცის წვდომას შორეულ აღმოსავლეთში ფრენებისთვის, მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 32,8%-ით შემცირდა.
იმავდროულად, ევროპის აეროპორტების ქსელში მთლიანი სამგზავრო ტრაფიკი 2023 წლის მესამე კვარტალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,1%-ით გაიზარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 3,1%-ით ნაკლებია.
„ზაფხულის სეზონის პიკმა კიდევ უფრო დააახლოვა ევროპული აეროპორტები სამგზავრო ტრაფიკის სრულ აღდგენასთან, მოგზაურობაზე მოთხოვნა დიდწილად ეწინააღმდეგება ინფლაციურ ზეწოლას, ავიაბილეთების გაცილებით მაღალ ფასს და გეოპოლიტიკურ დაძაბულობას“, – თქვა ACI Europe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივიე იანკოვეკმა. ”თუმცა, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან განსხვავებებს ცალკეულ ბაზრებზე ტრაფიკის აღდგენის მიმართულებით. ისინი ასახავს უკრაინაში ვითარების გავლენას და საერთო სტრუქტურულ ცვლილებებს საავიაციო სექტორში“.
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ავიაკომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც ამკაცრებენ საფასო პოლიტიკას და აფიქსირებენ რეკორდულ მოგებას, აეროპორტები კვლავ იბრძვიან ინფლაციური წნეხის წინააღმდეგ საფასურის გაზრდით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის საინვესტიციო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.