ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) ცნობით, ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.
გასულ წელს ევროპის აეროპორტებმა 1,94 მლრდ მგზავრი გაატარა, თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ 21%-ით დაბალია პანდემიამდელ დონეზე.
ACI-მ ასევე აღნიშნა, რომ საჰაერო ნავსადგურების მხოლოდ 27%-მა მოახერხა და 2019 წლის მაჩვენებლები სრულად დაიბრუნა.
„შარშან მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი იყო ფენომენალური. გაზაფხულიდან დაწყებული, ის სწრაფად ვითარდებოდა ზაფხულშიც და მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად რჩებოდა. და ეს მიუხედავად გეოპოლიტიკური ვითარებისა, მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა, ავიაბილეთის ფასების ზრდისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ Covid-19 ჯერ კიდევ ჩვენთანაა“, – თქვა ACI Europe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივიე იანკოვეკმა.
აეროპორტი „სტამბოლი“ 2022 წელს ყველაზე დატვირთული ევროპული აეროპორტი იყო, რომელმაც წლის განმავლობაში 64,3 მილიონი მგზავრი გაატარა. ამ მაჩვენებლებით კი ირკვევა, რომ აეროპორტმა პანდემიამდელი მაჩვენებლები (-6,2%) თითქმის დაიბრუნა.
მეორე ადგილზეა ლონდონის ჰითროუს აეროპორტი 61,6 მილიონი მოგზაურით, რაც 23,8%-ით ნაკლებია 2019 წელის მაჩვენებლებთან შედარებით. მესამე პოზიციაზეა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი 57,5 მილიონი მგზავრით, შემდეგ მოდის ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტი (52,5 მილიონი) და მადრიდის აეროპორტი (50,6 მილიონი).