ევროპის საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიაში კრიზისი, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის შედეგებით, შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ამის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში Qatar Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აკბარ ალ-ბაკერმა განაცხადა.
“პანდემიამ შეაფერხა ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვები, რომელთა აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება. საჰაერო მოგზაურობის კრიზისი ხვალ არ დასრულდება“, – განაცხადა Qatar Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აკბარ ალ-ბაკერმა ინტერვიუში.
ანალოგიურ მოსაზრებას იზიარებს ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელი კონსორციუმის Airbus-ის ხელმძღვანელობაც. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ „ნედლეულის, კომპონენტების, სათადარიგო ნაწილების და ელექტრონიკის მიწოდების პრობლემები მომავალ წელსაც გაგრძელდება“.
Qatar Airways-ის ცნობით, ტრანსპორტთან დაკავშირებული კრიზისული მდგომარეობას მნიშვნელოვნად ართულებს აეროპორტებში პერსონალის ნაკლებობაც, რისი შევსებაც მოკლე დროში ძნელია. აღნიშნული პრობლემა „სისტემურია“ მთელ ევროპაში, – მიიჩნევს კატარული ავიაკომპანიის მენეჯერი.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ზაფხულში ევროპის რიგ ქვეყნებს საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სერიოზული პრობლემები შეექმნათ. გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და ნორვეგიაში, აპრილის დასაწყისიდან გაუქმდა ათიათასობით ფრენა. ავიაკომპანიები ასობით მილიონი დოლარის ზარალს აფიქსირებენ.
კრიზისის მთავარი მიზეზი კი ინდუსტრიაში დასაქმებულთა დეფიციტია, სადაც პანდემიის დასაწყისში ათიათასობით თანამშრომელი დაითხოვეს. სიტუაციას ამძაფრებს ევროპაში აეროპორტის პერსონალისა და თვითმფრინავის ეკიპაჟების გაფიცვები, რომლებიც ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ევროპული ავიაკომპანიებსა და აეროპორტებში პერსონალის პრობლემა, Qatar Airways-ს ხელმძღვანელის თქმით, უდიდესი პრობლემაა Qatar Airways-ისთვისაც, რადგან ევროპის ქაოსი არღვევს ფრენების რეგულარობას დოჰაშიც.
მიმდინარე თვის დასაწყისში ჰითროუს აეროპორტმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და ავიაკომპანიებს მოუწოდა ფრენები შეეზღუდათ, რადგან ის ვერ უმკლავდებოდა არსებულ მგზავრთა ნაკადს.
ალ-ბაკერი, რომელიც წარმოადგენს კატარის სუვერენულ სიმდიდრის ფონდს ჰითროუს აეროპორტის დირექტორთა საბჭოში, მიიჩნევს, რომ აეროპორტის მენეჯმენტს წინასწარ უნდა ეცნობებინა ავიაკომპანიებისთვის არსებული პრობლემების შესახებ.
თუმცა პრობლემები ეხება არა მხოლოდ ჰითროუს, არამედ სისტემურია ევროპისთვის, – მიიჩნევს Qatar Airways-ს აღმასრულებელი დირექტორი.
Qatar Airways-ი ასევე არის International Airlines Group-ის უმსხვილესი აქციონერი, რომელიც ფლობს British Airways-ს, რომელსაც ამ ზაფხულს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
“IAG–ს დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის უკეთესობისკენ შემობრუნებას დიდი დრო არ დასჭირდება და კომპანია ისევ ისეთივე იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო“, – თქვა აკბარ ალ-ბაკერმა. ”თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ისინი ბევრს აკეთებენ სტანდარტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად.”
მიუხედავად პანდემიის შედეგებისა და ინდუსტრიული გაჭირვებისა, Qatar Airways-მა საჰაერო ტვირთების ზრდის წყალობით, ფისკალურ წლის ბოლოს 1,5 მილიარდი დოლარის მოგების შესახებ განაცხადა. პანდემიის დროს ავიაკომპანიას არ შეუჩერებია ოპერირება და დაამატა ფრენები ბევრ მიმართულებაზე.